გირჩის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს, კანონის შესაბამისად, მედიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. ჟურნალისტები, გირჩის წევრები და ისინი, ვინც 31 დეკემბერს მარიხუანას დათესვის აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ახალი პოლიტიკური ცენტრის სადარბაზოში იმყოფებიან.
"11 დღის დაგვიანებით შსს-მ გადაწყვიტა იმოქმედოს. ჩვენ ვართ ყველაფრისთვის მზად, გააზრებული გვაქვს ყველა შედეგი, რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, მიზანიც ეს იყო, რომ საზოგადოებას დავანახოთ, რა აბსურდული, რა რეპრესიული კანონმდებლობა მოქმედებს დღეს საქართველოში,“- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის წევრი ნიკა ქავთარაძე კანონმდებლობას "საშინელს" უწოდებს. მისი თქმით, კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
გირჩის ოფისთან იმყოფებიან ახალი პოლიტიკური ცენტრის ყოფილი წევრი, პავლე კუბლაშვილი და მოძრაობა 2 ივნისის დამფუძნებელი, ლექსო მაჭავარიანი.
„გირჩის წევრებმა და მოხალისეებმა რაც ჩაიდინეს, არ არის დანაშული, ეს არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, ხელისუფლებამ მეტი ადეკვატურობა უნდა გამოიჩინოს,“- განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.