გირო კრედიტის დამფუძნებელმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით დღეს მთავარ პროკურატურას მიმართა.
გიორგი გუგუმბერიძე სამართალდამცველებს ძალადობასა და მის უკანონოდ დაკავებაში ადანაშაულებს. დაზარალებული კანონდამრღვევი პოლიციელების პასუხისგებაში მიცემას და გამოძიების დასრულებამდე მათი თანმდებობიდან გადაყენებას ითხოვს.
გირო კრედიტის დამფუძნებლის უფლებების დამცველები აცხადებენ, რომ გამოძიება არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ უკანონო დაკავების მუხლებით უნდა დაიწყოს. ისინი რეაგირებისკენ მოუწოდებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც.
გუგუმბერიძის განცხადებით, ჩანაწერები ნებართვის გაცემამდე 3 საათით ადრე ამოიღეს.
„მოხდა დანაშაული, მათ სურდათ ამოეღოთ ჩანაწერები ნებართვის გარეშე. ამოიღეს კიდევაც ჩანაწერები, მაგრამ მაშინაც არ ჰქონდათ ნებართვა. ნებართვა მოიტანეს დაახლოებით დილის 05:00 საათზე. მე მქონდა საუბარი პროკურორთან, რომელმაც დამიდასტურა, რომ გადაწყვეტილება კამერების ამოღებასთან დაკავშირებით გასცა დილის 05:00 საათზე, ხოლო ჩანაწერები ამოიღეს ღამის ორ საათზე,“ - აცხადებს გიორგი გუგუმბერიძე.