"როგორ დავეხმაროთ ქართულ ეკონომიკას - მოითხოვე ქართული," ამ სლოგანით დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში დღეს სულ 4 საწარმოს მოინახულებს. ასევე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას. კამპანია ინტენსიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტი რეგიონებში ქართული წარმოების წახალისების მიზნით ჩასვლას და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას გეგმავს.
”როდესაც მომხმარებელი შედის და მოითხოვს ქართულს და ყიდულობს ქართულ პროდუქციას, ის ან ერთის მხრივ ეხმარება დასაქმებას და მეტი იქნება დასაქმებული ჩვენს ეროვნულ საწარმოებში, მეორეს მხრივ დაეხმარება იმ პროცესს, რასაც ჰქვია ლარის გაძლიერება და დაეხმარება ქვეყანას, რომ ჰქონდეს ძლიერი ეკონომიკა. თავისთავად ეს აქცია არის პატრიოტული და იმედია ბევრი ადამიანი მხარში დაგვიდგება,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.