პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში მათ შესაძლოა საავადმყოფო დატოვონ. მინდია გოგოჭურს და მის თანმხლებ პირს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვთ მიყენებული. შემთხვევა გუშინ ღამით ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც გოგოჭურსა და თათარიშვილს ჯერჯერობით უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მინდია გოგოჭურის და მისი მეგობრის დაჭრის მიზეზი შესაძლოა რამდენიმე დღის წინ, საბურთალოზე მომხდარი ჩხუბი გახდა. თუმცა, ოფიციალურად გამოძიება მოტივებზე არ საუბრობს. დეტალებზე არც მათი მეგობრები ლაპარაკობენ.
დაპირისპირების დეტალებთან დაკავშირებით პრეზიდენტის სიძეს და მის მეგობარს ჩვენების მიცემა სამართალდამცავებისთვის სავარაუდოდ, კლინიკის დატოვების შემდეგ მოუწევთ. ორივე მათგანი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მინდია გოგოჭურს ოპერაცია გუშინ გვიან ღამით გაუკეთეს.
ბალანჩივაძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. პრეზიდენტის სიძის და მისი მეგობრის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს ცნობით, საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი