ზუგდიდის უფასო სამზარეულოს ბენეფიციარები ყოველდღიური რაციონის გამო ჩივიან. მათი თქმით, საკვები მენიუთი გაწერილ პროდუქტებს არ შეესაბამება. სოციალურად დაუცველები ყვებიან, რომ მხოლოდ კვირაში ერთხელ იღებენ ხორცს და ისიც ძალიან მცირე რაოდენობით. მათ უკვე რამდენიმე წელია რძის პროდუქტები და ხილი არ მიუღიათ.
ორდღიანი მცდელობის მიუხედავად, შპს-ს წარმომადგენლებს, რომელიც ტენდერში გამარჯვების შემდეგ სასადილოს ამარაგებს, რუსთავი 2 ვერ დაუკავშირდა.
ზუგდიდის მერიის სოციალურ სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მენიუს სიზუსტეზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა პასუხისმგებელი.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს მანიბა რეგისტრირებულია თბილისში, გაბრიელ სალოსის გამზირზე. თუმცა, მითითებულ მისამართზე კურიერის გადამღებ ჯგუფს საცხოვრებელი ბინა დახვდა, კომპანიის ხელმძღვანელი ორი დღის განმავლობაში არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია წელსაც იგივეა, რაც შარშან იყო. თუმცა, წლევანდელ ტენდერში მან შეცვლილი სახელით მიიღო მონაწილეობა. ადგილობრივები კომპანიის ხელმძღვანელობის მმართველ გუნდთან კავშირებზე საუბრობენ.
სასადილოში არც ახალ ბენეფიციარებს ამატებენ, რადგან ამისთვის ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი