საქართველოში არსებული ნაკრძალების განვითარება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს. სახელმწიფო უწყებებში დაწყებული ოპტიმიზაციის პირობებში, სააგენტოს თანამშრომელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება. ასევე შეჩერებულია არა ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების დაფინანსება.
სისტემაში დაგეგმილი შტატების შემცირების შესახებ გარემოსდამცველები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ. ათეულობით თანამშრომელი დაცული ტერიტორიების სააგენტოდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა ამით პროცესი არ დასრულებულა.
კადრების შემცირება იყო სავარაუდოდ ის მიზეზი, რის გამოც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელსა და გარემოს დაცვის მინისტრს შორის უთანხმოება მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები კი მოსალოდნელი საფრთხეების პარალელურად, მთავრობას ბუნებრივი საგანძურის დაცვის პასუხისმგებლობასაც ახსენებენ. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ 2017 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი უარყოფით გავლენას მოახდენს სააგენტოს ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაზე.
უახლოეს დღეებში არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადებები კიდევ გაავრცელონ. გარემოსდამცველები ფიქრობენ, რომ ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა და სხვა დაცული ტერიტორიების მიმართ მთავრობის მიდგომამ შესაძლოა, სისტემის ნგრევა გამოიწვიოს.
ავტორი: ეკო მაღრაძე