სპეცტექნიკამ, რომელზეც ივანიშვილის ხეა განთავსებული, სარკინიგზო მაგისტრალი გადაკვეთა და ამ დროისთვის ხე ზღვისკენ მიაქვთ.
შეკვეთილის მიმართულებით მაგნოლიას გადასატანად სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს და ხეს ზღვამდე მიიტანენ. სამუშაოებს კვლავ კომპანია ზიმო ახორციელებს. მათი განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზების ჩახსნა საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით მოხდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქობულეთის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბონდო თედორაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ხის გადატანის პროცესს თვალს ადევნებდა.
“სამწუხაროდ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ერთადერთი საოცრება, რაც ქართულმა საზოგადოებამ იხილა, ეს არის მცურავი ხე და ქუჩაში მოსეირნე ხე. არაფორმალური მმართველობის მეშვეობით ადგილობრივი ხელისუფლება და მთლიანად საჯარო სამსახური დაკავებულია იმით, რომ როგორ ასიამოვნონ და როგორ დაეხმარონ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადაადგილებაში. ციხისძირი ალბათ მალე იქცევა უდაბნოდ,“ - განაცხადა თედორაძემ.
უახლოეს დღეებში შეკვეთილში აჭარიდან კიდევ სამი ხის გამგზავრება იგეგმება.