ნატანებიდან შეკვეთილში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით 10-მდე ას წლოვანი ხე, მათ შორის ცაცხვი გადააქვთ. ჩაის ყოფილი ფაბრიკის ტერიტორიაზე სამუშაოები დღეს დაიწყო. რის საფუძველზე გადააქვთ ხეები და არის თუ არა ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში, ამ კითხვებზე პასუხი ადგილზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებს არ აქვთ.
სოფელ ქვემო ნატანებში ადგილობრივები ყვებიან, რომ სახელმწიფოს კუთვნილი ხეები ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში გაადააქვს.
გურიის გარდა, თითქმის ერთი კვირაა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე ხეებს ტოტებს აჭრიან. ციხისძირის მონაკვეთზე მოჭრილია ერთი ნაძვიც. ოპოზიციური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები ამ ქმედებას აპროტესტებენ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ აქციებს აანონსებენ.
საპირისპიროს ამტკიცებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მისი განცხადებით, ხეების გადაბელვა ყოველწლიურად ზამთარში ხორციელდება.
იშვიათი, მრავალწლოვანი და ისტორიული ხეების დასაცავად, ხვალიდან გარემოს დამცველი ორგანიზაციები პროცესს ადგილზე დააკვირდებიან. მწვანე მუშტი გარემოს დაცვის სამინისტროს მეტი პასუხისმბელობისკენ მოუწოდებს.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.