06 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
გიგანტური ხის შავ ზღვაში მოგზაურობა უკვე დასრულდა - მაგნოლია სანაპირო ზოლს მიადგა

გიგანტური ხის შავ ზღვაში მოგზაურობა უკვე დასრულდა. ბორანი, რომლითაც ასწლოვანი ხე ბობოყვათიდან ურეკში გადაჰქონდათ, უკვე სანაპირო ზოლს მიადგა. ახლა კი სპეციალური ტექნიკა ემზადება იმისთვის, რომ 220 ტონის და 37 მეტრის სიმაღლის მცენარე ნაპირზე გადაიტანოს და შემდგომ უკვე დენდროლოგიურ პარკში მიიტანონ.

ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ასევე ნატანებში, სადაც მთელი დღის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა და 10-მდე ხის გადატანის მზადება მიმდინარეობს, რომელთაც ასევე შეკვეთილში გადაიტანენ.

ციხისძირიდან და ნატანებიდან მცენარეების გადატანის პროცესს გარემოსდამცველები აპროტესტებენ და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავნ.

„უფლებამოსილების ფარგლებში, მათ უნდა შეისწავლონ ციხისძირში მიმდინარე პროცესები. ეს ფაქტი არ არის მხოლოდ ერთი ხის გადატანის და ერთი მცირე ნიადაგის დაზიანების ფაქტი, ეს არის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც წარმოაჩენს სახელმწიფოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას, როცა მთელი სახელმწიფო უწყებები მუშაობენ ერთი ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებაზე,“ - განაცხადა მოძრაობა მწვანე მუშტის აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის თქმით, ხის გადატანის პროცესი კანონით დადგენილი ნორმების სრულ შესაბამისობაშია.  

„კერძო საკუთრებიდან ხე-მცენარის გადატანაზე გაცემული უნდა იყოს ადგილწარმოშობის ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, რაც უკვე გაცემულია. საკითხი აყვანილია კონტროლზე. ხის გადატანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობაში,“ - განაცხადა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა მაია ჩხობაძემ.

ავტორი: შოთა კიკნაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები