არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკები ხალხს გალარების პროგრამაში ჩართვამდე კონსულტაციებს უწევს. ორგანიზაციაში მსურველებს შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ და გაიგონ, თუ რამდენად უღირთ მათ სესხის ლარში გადაყვანა, გიორგი კეპულაძე საზოგადოებას მოუწოდებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ და არ იჩქარონ.
სკეპტიკურად უყურებენ ამ პროცესს სხვა ექსპერტებიც. ისინი ფიქრობენ, რომ ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ლარიზაცია საკმარისი არ იქნება და ამ პროგრამის შედეგად შესაძლოა კრედიტები და ცხოვრება უფრო გაძვირდეს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს ჩვენს ეკონომიკაში და ლარის პრობლემაც სწორედ ჩვენი ეკონომიკიდან და მისი პრობლემიდან გამომდინარეობს. ეს არის სუსტი ეკონომიკა, რომელიც ზრდაზე არ არის ორიენტირებული. წელს 2%-თან მიახლოებული ზრდა გვექნება ისევ, როგორც პირი უჩანს. ეს კი ლარის პრობლემას ვერ მოაგვარებს,“ - აცხადებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, ვახტანგ ლეჟავა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე