საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI, დედოფალ ლეტიციასთან ერთად ესტუმრა.
სამეფო წყვილს საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა და საქართველოს კურორტების, ტურისტული პოტენციალისა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სამეფო ოჯახი საქართველოს შესახებ მომზადებულ კლიპს გაეცნო და ქართული პოლიფონიური მუსიკით დაინტერესდა. მეფემ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა.
გიორგი კვირიკაშვილმა ესპანეთის მეფე და დედოფალი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღების აღსანიშნავ ღონისძიებებზე, საქართველოში მოიწვია.
პრემიერმინისტრი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა და ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივნის უდიდესი წვლილი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში და ტალებ რიფაის, მოწვევისთვის, მადლობა გადაუხადა.
"გამოწვევებს შორისაა ტერორიზმის საფრთხე, ტრაგიკული სტიქიური უბედურებები. ამ წლის მანძილზე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლებებს უამრავი ბარიერის გადალახვა მოუხდათ. თუმცა, 2016 ასევე წარმატების წელიც იყო - ეს გახლდათ წელი, როდესაც მთელი სამყარო გაერთიანდა თავისუფალი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მოგზაურობის, როგორც ყველა ადამიანის უფლების მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ ახალ ეტაპს მივაღწიეთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.