ჭიათურაში საბაგირო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეკონსტრუქციის სამუშაოები უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურსა და მისგან გამავალ სამ მიმართულებას. ესენია - სანატორიუმი, ნაგუთი და ლეჟუბანი.
მეოთხე სადგურზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტისთვის ნაყიდია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 8 გონდოლა.
საბაგირო გზის სიგრძე 3 ათას 428 მეტრია. პროექტის ღირებულება 40 მილიონი ლარია და ის საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება.
„აქ 90% ქართველი მუშა ხელი და სპეციალისტები არიან დასაქმებული. მე-4 სადგურიც რომ დაიწყება, 170, 180 ადამიანი გვეყოლება დასაქმებული. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჭიათურისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობას მეტ კეთილდღეობას მოუტანს,“ - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.