საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე საუბრობს.
ზაზა სოფრომაძე კონკრეტულად იმ კლინიკების შესახებ აკეთებს განმარტებებს, რომლებიც შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშონ.
სოფრომაძის თქმით, ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. ის დაიწყება 1 თებერვლიდან, შემდგომი ეტაპი დაგეგმილია 1 მარტიდან. სოფრომაძის თქმით, გარკვეული მონახაზი არსებობს იმისა, თუ როგორ შეირჩევა კლინიკები, რომელთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება. ახლა კრიტერიუმების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს.
„ერთი რამ მინდა გაზგასმით ავღნიშნო, რომ ის რაზეც დღეს იყო საუბარი შეხვედრაზე, ცხადია გათვალისწინებული იქნება ამ კონტრაქტების დადების დროს. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ კლინიკები, რომლებიც თავიანთი შემოსავლის ნაწილს ახმარენ არაპირდაპირ ხარჯებს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სახსრების ძირითადი ნაწილი არ მიემართება უშუალოდ პაციენტების სამედიცინო მომსახურებისთვის, ეს გათვალისწინებული იქნება. გათვალისწინებული იქნება, რამდენად იზიარებენ კლინიკები სახელმწიფოს მოთხოვნებს,“ - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
სოფრომაძის თქმით, არსებობს კონკრეტულად იმ კლინიკების მონახაზი, ვისთანაც სავარაუდოდ კონტრაქტები არ გაგრძელდება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს წინასწარი მონახაზი, ვიცნობთ არსებულ სიტუაციას, გვაქვს მონიშნული კრიტიკული წერტილები, მაგრამ სწორედ იმიტომ არ გაჟღერდა ამ კლინიკების დასახელება, რომ ყველა კლინიკას აქვს საშუალება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გარკვეული დასკვნები გამოიტანოს არსებული სიტუაციიდან და შესაბამისი კორექტივები შეიტანოს თავის საქმიანობაში,“ - განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
სოფრომაძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მუდმივად მიდის საუბარი აღნიშნულ თემებზე.
ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დავით სერგეენკომ დღეს კლინიკები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. მინისტრის განცხადებით, დარღვევების მქონე დაწესებულებებთან თანამშრომლობას სახელმწიფო აღარ განაგრძობს.