06 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
5 მილიონ ნახევარი ლარი Aerosmith-ის კონცერტისთვის - Black Sea Arena georgia-ს პროექტის დაფინანსება საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო

5 მილიონ ნახევარი ლარი Aerosmith-ის კონცერტისთვის. გამოცხადებული ოპტიმიზაციის ფონზე, Black Sea Arena georgia-ს პროექტის დაფინანსება საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო.

სხვა კომპანიებს არ ქონიათ საშუალება კონკურსში, ან ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა, ვინაიდან, ტენდერი არ გამოცხადებულა და Black Sea Arena-ს გადაეცა თანხა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

ამასთან დაკავშირებით განმარტებაც არის გაკეთებული, სადაც ნათქვამია, რომ ეს იყო სპეციფიური საკითხი, იმის გამო, რომ კომპანიამ მოახერხა Aerosmith-ის წარმომადგენელ კომპანიასთან მოლაპარაკება.

სწორედ ამის შემდეგ უნდა დაიგეგმოს სხვადასხვა ხარჯები. ტედნერების გამოცხადება, როგორც ეს განმარტებულია ოფიციალურ დოკუმენტაციაში, მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდებოდა და შესაბამისად, 5  მილიონ ნახევარი ლარი გამოყოფილია კონკრეტულად Black Sea Arena-სთვის.

რაც შეეხება სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მრავალი წელია საქართველოში მუშაობენ როგორც ვარსკვლავების ჩამოყვანისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების და ფესტივალების დაგეგმისთვის, ამბობენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათაც ექნებოდათ საშუალება ამ პროცესში ჩართვის. მათი თქმით, ფასი, რომელიც წარმოდგენილია, არის საკმაოდ მაღალი და შესაძლებელი იყო გაცილებით ნაკლებ თანხაზე მოლაპარაკება.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განმარტებით, Check in Georgia-მ წინა წლებში გაამართლა და ამ თანხის გაღება Aerosmith-ის კონცერტისთვის ღირს.

„ჩვენ ვფიქორბთ, რომ Check in Georgia-მ შარშან ძალიან გაამართლა, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის, ასევე ჩვენი ქვეყნის იმიჯის თვალსაზრისით. ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელშიც ასეთი მნიშვნელოვანი სანახაობითი ღონისძიებები ტარდება. ეს არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ამ დონის მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან,“ - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

დღის ამბები