სოფელ ნატანებში, Black Sea Arena-ზე Aerosmith-ის კონცერტის გასამართად ბიუჯეტიდან 5 ნახევარი მილიონი ლარი უკვე გამოიყო. ამერიკული როკ ჯგუფის ევრო ტურნეში საქართველოს ჩასმისთვის, თანხა კომპანია Black Sea Arena georgia-მ გამარტივებული შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე მიიღო.
პრომოუტერები და მუსიკის სფეროში მომუშავე კომპანიები თვლიან, რომ მოლაპარაკება ამერიკულ მხარესთან გაცილებით უკეთეს ფასად შეიძლებოდა და ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები დაიზოგებოდა.
რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დღეს არ განუმარტავთ. 10 იანვრის განკარგულებაში კი ნათქვამია, რომ შესყიდვის ობიექტის სპეციფიკიდან გამომდინარე ელექტრონული პროცედურის დაცვა შეუძლებელი იყო.
საქართველოში Aerosmith-ის მოწვევა Check in Georgia-ს პროექტის ფარგლებში მოხდა. თანხაც Black Sea Arena georgia-ს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უნდა გადაურიცხოს.
მოუხედავად იმისა, რომ თანხა ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია, ჯერჯერობით კომპანია Black Sea Arena georgia-ს ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები არ დაუსრულებია. უცნობია რა ეღირება კონცერტზე დასასწრები ბილეთი, სავარაუდოდ 5 მილიონნახევრიან კონცერტზე 10000 ძვირადღირებული ბილეთი გაიყიდება.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.