მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღის შესახებ და პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აკრიტიკებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი კურიერის პირდაპირ ეთერში, იმ პუნქტებზე საუბრობს, რომელიც ცვლილებათა ამ პაკეტში კრიტიკის მიზეზი გახდა.
„მთავარი პრობლემა მესამე ტალღის კანონპროექტთან დაკავშირებით არის ის, რაც შეეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და შეეხება მართლმსაჯულების პრობლემებს. პირველ რიგში, იმისათვის, რომ დასკვნა გაკეთდეს, მოგვეწონოს ან არ მოგვეწონოს უკვე კანონი, რომელიც მცირე დროში უკვე კანონად იქცევა, საჭიროა სამ კითხვას გაეცეს პასუხი. პირველი, გაიზარდა თუ არა მოსამართლეთა უფლებამოსილება, მეორე, გაიზარდა თუ არა მოსამართლეთათვის გარანტიები და გაიზარდა თუ არა შესაძლებლობა იმისათვის, რომ უფრო მეტი კონკურენციის ფარგლებში, უფრო მეტი კადრების მობილიზება მოხდეს სასამართლო სისტემაში. ამ სამივე კითხვაზე პასუხი არის უარყოფითი,“ - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ჩოფიკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მიღებული იქნას რეალური მართლმსაჯულების რეფორმა.
„ამ პირობებში, ფაქტობრივად, სასამართლოს დამოუკიდებლობა დამოკიდებულია ვიღაცის ნებაზე. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ისეთი სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც ნებაზე კი არ იქნება დამოკიდბული, არამედ ეს იქნება კანონით გარანტირებული და უზრუნველყოფილი, რაც სამწუხაროდ, ამ მესამე ტალღის ფარგლებშიც ვერ განხორციელდება და ამას სჭირდება ძირეული რეფორმა,“ - განაცხადა არჩილ ჩოფოკაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტს სულ რამდენიმე დღე რჩება გადაწყვეტილების მისაღებად. გიორგი მარგველაშვილმა ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მესამე ტალღას. ეს არის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო.