პრეზიდენტის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში მესამე სექტორთან შეხვედრებს გამართავენ. მიზეზი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღით გათვალისწინებული ის ცვლილებებია, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისა და მათი პოზიციების მოსმენის შემდეგ გახდება ცნობილი, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას.
სამოქალაქო სექტორის ნაწილი ცვლილებებს იწუნებს და თვლის, რომ ახალი რეგულაციები მოსამართლეთა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხს შეზღუდავს. ერთერთი შენიშვნის მიზეზი, მოსამართლეთა საქმიანობის შემფასებელი, ინსპექტორის ინსტიტუტი გახდა.
მესამე სექტორში თვლიან, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ ინიცირებული და დამტკიცებული რეგულაციები სასამართლოში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, მოსამართლეების შერჩევისა და დანიშვნის გაუმჭვირვალე წესს არ პასუხობს.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა. თუმცა, მმართველ გუნდში კრიტიკის და ვეტოს საფუძველს ვერ ხედავენ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე