ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებისთვის თბილისში ორი კლინიკა დარჩა. დაფინანსების წესის ცვლილების გამო, თბილისში რამდენიმე კლინიკა უკვე დაიხურა, პაციენტები კი მომსახურების გარეშე დარჩნენ. მთავრობის გადაწყვეტილება ექიმების პროტესტის მიზეზი გახდა.
მათი განცხადებით, დედაქალაქში დარჩენილი ორი კლინიკა პაციენტების მომსახურებას ვერ შეძლებს, რაც ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსს გამოიწვევს. საინიციატივო ჯგუფმა დღეს პეტიციაც გაავრცელა, რომლითაც საქართველოს პარლამენტს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვენ.
ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს 2013-14 წლებში დამტკიცებული ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმასაც ახსენებს. მათი განცხადებით, 30 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება დაფინანსების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, 2 წლის წინ დამტკიცებულ დოკუმენტს სრულად ეწინააღმდეგება.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ, ახალი დადგენილებით მცირე საწოლიან, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ. ცვლილებებით კი, ეს რისკები შემცირებულია.
უწყების პოზიციის მიუხედავად, ექიმები დადგენილების გაუქმების მოთხოვნას ჯერ პეტიციის, მოგვიანებით კი აქციის ფორმატში გააგრძელებენ. სპეციალისტების განცხადებით, დაფინასების შემცირების გამო, პაციენტების გარდა, თავად მედპერსონალიც დაზარალდა. რადგან, კლინიკების დახურვის შემდგ, მათი განცხადებით, 150-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.