2016 წელს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ რუსიტაშვილების ოჯახისთვის გადაცემული ბინა ოჯახს ისევ არ მიუღია.
საუბარია გასულ წელს სარვამარტოდ, თინა ხიდაშელის მიერ გადაცემულ საჩუქარზე. მაშინდელმა მინისტრმა ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა, თუმცა 10 თვის მერე, რუსიტაშვილებს მხოლოდ გასაღები და პატარა ფურცელზე მიწერილი მისამართი დარჩათ. გასაღების გადაცემის შემდეგ, ოჯახი სამხედრო ქალაქში, იმ ბინის საჩვენებლად წაიყვანეს, რომელიც მათ უნდა მიეღოთ. იქვე განუცხადეს, რომ დოკუმენტაციის გასაფორმებლად დაურეკავდნენ, თუმცა შემდეგ საჩუქარი აღარ გაუფორმეს.
არქივში ინახება კადრები, როგორ მივიდა თინათინ ხიდაშელი კამერების თანხლებით რუსიტაშვილების 9 შვილიან ოჯახში. სამი ძმა სამხედრო მოსამსახურეა, უფროსი 2008 წლის ომის მონაწილეა და ოჯახი 20 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
მინისტრის სიურპრიზი თითქმის ყველა ტელევიზიამ გააშუქა, 2 კვირა ტრიალებდა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ვებ-გვერდზე. ოჯახმა ვიდეო სამახსოვროდ გადმოიწერა, ახლა კი ეს კადრები მათთვის ერთადერთი მტკიცებულებაა, რომ ბინა ნამდვილად გადასცეს.
რას დაუკავშიროს აღნიშნული ფაქტი არ იცის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იბრძვის. ის პასუხისმგებლობას თავდაცვის სამინისტროს აკისრებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინა, რომელიც რუსიტაშვილების ოჯახს უნდა გადაცემოდა, ახლა გასანაწილებელ სიაშია და უახლოეს მომავალში მას სხვა ოჯახი მიიღებს.
აღნიშულა ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა მაშინდელმა მინისტრმა. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ბინების გადაფორმება ნაწილ-ნაწილ ხდებოდა და პროცედურების გამო ვერ მოასწრო. თუმცა თავად სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინა წინა მინისტრის დროს უნდა გადაფორმებულიყო, ახლა კი მისი გადაცემის იურიდიული საფუძველი აღარ აქვთ.
ავტორი: გვანცა სუთიძე.