ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ მთავარ ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში ხანძრის გაჩენიდან 2 თვეზე მეტი გავიდა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი მძიმედ დაზიანდა.
მე-12 საუკუნის გამურული საგანძური, ახლა მთლიანად ხარაჩოებშია მოქცეული. რესტავრატორებმა ტაძრის თითქმის ყველა კუთხეში ჩაატარეს სატესტო გაწმენდები. ბიბლიური გმირების აღდგენილი ფრაგმენტები ჭვარტლით დაფარული ფენისგან ბევრად განსხვავდება. პალიტრა უფრო მკვეთრი და ნათელი გახდა, მაგრამ მიკროლაბორატორიულმა კვლევამ, სამწუხარო რეალობა დაადასტურა. ისედაც დაზიანებული უნიკალური ფრესკები, ხანძრამდელ ფერს და სახეს ვეღარ დაიბრუნებს, მდგომარეობას ჭვარტლის ქიმიური შემადგენლობაც ართულებს.
ხელოვნებათმცოდნეები და ამ დარგის ყველა სპეციალისტი ამბობს, რომ ტაძარში მოძრაობა, სანთლის დანთება და ტემპერატურის ცვალებადობა, ისედაც დაზიანებულ ფრესკებს კიდევ უფრო დააზიანებს, თუმცა ტაძარში მწუხრის ლოცვა ჩატარდა და კანდელიც დაინთო.
ტაძარში რესტავრატორები თებერვლის ბოლოს დაბრუნდებიან. მათთან ერთად იმუშავებენ საერთაშორისო სპეციალისტებიც. სწორედ ისინი გადაწყვეტენ, რა მეთოდით უნდა გაგრძელდეს ყველაზე მძიმედ დაზიანებული ზონის გაწმენდა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.