06 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ნაჩუქარი და შემდეგ გადაუფორმებელი ბინა - დაზარალებულები კიდევ რამდენიმე ოჯახზე საუბრობენ

ბინა, რომელიც რუსიტაშვილებს საზეიმოდ გადასცეს, ერთი წლის შემდეგ ირკვევა რომ მათ აღარ ეკუთვნის. კურიერმა მინიმუმ კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ შეიტყო, როდესაც სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ბინა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დროს გადაეცა, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ კი აღარ გაუფორმდა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემები კიდევ ბევრ ოჯახს შეექმნა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ თავდაცვის სამინისტროში და ამბობენ, რომ რუსიტაშვილების შემთხვევა მხოლოდ ერთეული გაუგებრობაა.

იმას, რომ მსგავსი შემთხვევები არსებობს, ადასტურებს თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. რაც შეეხება რუსიტაშვილების პრობლემას, უწყების ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროცედურების დაცვა ვერ მოასწრო. სწორედ ხიდაშელს ადანაშაულებენ თავდაცვის სამინისტროში მომხდარის გამო. უწყებაში ამბობენ, რომ დოკუმენტაცია მაშინვე უნდა გაფორმებულიყო.

უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში რუსიტაშვილების ოჯახი ყოფილ მინისტრსაც ადანაშაულებს და მოქმედსაც. ამბობენ, რომ განცხადება ბინის საბოლოოდ დამტკიცების შესახებ ჯერ კიდევ თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს ორჯერ დაწერეს.

რუსიტაშვილების 9 შვილიან ოჯახში სამი სამხედრო მოსამსახურეა. უფროსი ავღანეთში მსახურობს. 

უცნობია რა პოზიცია აქვს მომხდართან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრს, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება.

ავტორი: ეკა გაგუა. 

 

 



დღის ამბები