პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ერთდროულად რამდენიმე ცვლილებაზე იწყებს მსჯელობას. არაკანონიერი თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით ნებისმიერი არასასურველი პირის ადევნება დასჯადი ქმედება ხდება.
ამასთან, მუქარა, რომელიც პირს აიძულებს, მნიშვნელოვნად შეცვალოს საკუთარი ცხოვრების წესი, ახალი კანონის მიხედვით, ადევნებად ითვლება და სისხლის სამართლებრივად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ადევნებად მიჩნეული ნებისმიერი ქმედების შემდეგ პირს შეუძლია, სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით მიმართოს. მოქმედ კანონში იცვლება შემაკავებელი ორდენის გამოწერის წესიც. თუკი აქამდე ამის უფლება მხოლოდ მოსამართლეს ჰქონდა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ოჯახში ძალადობის, ან სხვა ძალადობის შემთხვევებში, სამართლებრივი აქტის შედგენას ინსპექტორები შეძლებენ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქვეყანაში ქალთა უფლებების ეფექტიანი დაცვაა.
სისხლის სამართლის კოდექსს კიდევ ერთი მუხლი ემატება - ქალთა გენიტალიების დამახინჯება დასჯადი ხდება. ახალი კანონის მიხედვით, ქალის იძულებით დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
საერთო ჯამში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი 25 კანონს ეხება, სისხლის სამართლის კოდექს კი 3 ახალი მუხლი ემატება. საკანონმდებლო ცვლილებებზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დროს იმსჯელებს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი