"ეს არის სახელმწიფო ღალატი," - ასე აფასებს მხატვარი გია ბუღაძე ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემის ფაქტს. განცხადება ბუღაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მან ხელისუფლებას ვალდებულებები შეახსენა და განაცხადა, რომ გია ცერცვაძე, ისევე როგორც მთელი მისი ოჯახი, არის გმირი და მათ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ.
„ემოციურად ძალიან მძიმეა, აღტაცებული ვარ, დამძიმებული ვარ დიდებული ქალბატონის შემყურე. გმირი ბრძანდებით თქვენც და მთელი თქვენი ოჯახი. ზნაურიდან დევნილი, ის სოხუმიდან, სამი ვაჟით, ამდენი ომები, ბრძოლები საქართველოსთვის და როგორ ექცევა ეს უაზრო ხელისუფლება. ასეთ ოჯახებზე იდგა საქართველო და დგას წესით და კანონით და ამას უნდა ვეფეროთ და მოვუაროთ. მე რომ მკითხო ამ ოჯახს საერთოდ დაცვა სჭირდება. ყველა კუთხით, ელემენტარულად ფიზიკურად რომ გადარჩეს.
"მე როგორც ვხედავ სახელმწიფო უნდა იცავდეს ყველა მოქალაქეს, მაგრამ ყველაზე მოწყვლადი სფერო ჩემი აზრით, თუ სოციალურ ფენებად დავყოფთ არიან ბავშვები და ჯარისკაცები. ბავშვები იმიტომ, რომ არიან ჩვილები და ჯარისკაცები იმიტომ, რომ პირდაპირ სიკვდილზე მიდიან.
"თუ ყველაზე მოწყვლად ფენას ასე ექცევი, რას უზამ მთლიან შენს ქვეყანას. ეს არის სახელმწიფო ღალატი,“-განაცხადა გია ბუღაძემ.
გია ბუღაძე ამბობს, რომ მას არ უკვირს გია ცერცვაძის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის დუმილი, რადგან მისივე თქმით, როდესაც გადასადგმელია სერიოზული ნაბიჯები, ის ამას არ აკეთებს.
„არ მიკვირს მისგან, იმიტომ, რომ როდესაც გადასადგმელია ძალიან სერიოზული ნაბიჯი, ის როგორც წესი ამას არ აკეთებს. რეალურად მან უნდა ამოიღოს ხმა, სხვა გზა არ არის იმიტომ, რომ რეალურად მოუწევს ამის გაკეთება ან ბოლოს და ბოლოს მოუწევს პასუხის გაცემა რატომ დუმს დღეს,“-აცხადებს ბუღაძე.