სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე კინოლოგიის ცენტრი გაიხსნა. პროექტის მიზანს კვალიფიციური მესაზღვრე-კინოლოგების მომზადება, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
კინოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტის ვოლიერები, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი და ვეტ პუნქტი.
„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლოს სახელმწიფო საზღვრების დაცვა, აღკვეთოს საზღვარზე უკანონო ტვირთების გადაზიდვა და ადამიანების არალეგალურად გადაადგილება და რა თქმა უნდა, პარალელურად, უზრუნველყოს მოქალაქეებისა და ტვირთების კანონიერი, შეუფერხებელი მოძრაობა,“ - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ.