06 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
საქართველოში ახალგაზრდები ევროინტეგრაციის მომხრეები არიან, თუმცა ეროვნული იდენტობის დაკარგვის ეშინიათ

საქართველოში ახალგაზრდები მხარს უჭერენ დასავლურ ინტეგრაციას, თუმცა აშინებთ ეროვნული იდენტობის დაკარგვა. ეს არის ერთ-ერთი შედეგი, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევამ გამოავლინა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სოციოლოგებმა დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილი ახალგაზრდების აზრი შეისწავლეს.

კვლევაში 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. მკვლევარების თქმით, კვლევის შედეგის ცდომილება ძალიან მცირეა.

გამოკითხულთა 81 პროცენტი ენდობა რელიგიასა და ზოგადად რელიგიურ ინსტიტუტებს. მეორე ადგილზე ნდობის მხრივ 76%-ით ჯარია, მესამე ადგილი კი 62%-ით პოლიციამ დაიკავა.

ახალგაზრდების უმრავლესობა სახელმწიფო ინტიტუტებს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მათ უმეტესობას მაინც საჯარო სამსახურში სურს დასაქმება.

ქართველი ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში ძალიან დაბალია. მათთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, ხოლო ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის გადასაჭრელი პრობლემების ხუთეულში ვერ მოხვდა.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური კუთხით ცნობიერების ამაღლებაა აუცილებელი. კვლევამ ახალგაზრდებში ევროსკეპტიციზმიც გამოავლინა. ევროკავშირში ინტეგრაციას ჯამში 74% უწევს, თუმცა ამავდროულად, გამოკითხულთა 30% მიიჩნევს, რომ ევროკავშირში შესვლა ქართველების ეროვნულ იდენტობასა და ტრადიციულ ღირებულებებს საფრთხეს შეუქმნის.

54%-ის აზრით კი, ევროინტეგრაცია რუსეთის აგრესიის რისკს გაზრდის. ახალგაზრდები ასევე ფიქრობენ, რომ ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს ტერიტორიებს დამატებით დააკარგვინებს.

არასამთავრობოები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან, რათა ქვეყანაში ანტიდასავლური პროპაგანდა და რუსული ნარატივის გაძლიერება დაძლიონ. მათი აზრით, ქვეყანაში სამოქალაქო განათლების ნაკლებობაა.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ გამოკითხვის მონაწილეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდნენ და ქვეყნის მომავალი განვითარების მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენენ.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

დღის ამბები