14:00 საათზე კიევის სააპელაციო სასამართლოში ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი დაიწყება. სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფებიან გია ცერცვაძის ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები.
გია ცერცვაძის თანამებრძოლი მირიან გოჩაძე ამბობს, რომ ცერცვაძის დაკავებამ უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებში დიდი აღშფოთება გამოიწვია.
კურიერთან საუბრისას გოჩაძე ამბობს, რომ გია ცერცვაძეს მხარდაჭერას უცხადებენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც. ისინი დღეს ქართველი სამხედროს გათავისუფლებას ელოდებიან.
„დიდი აღშფოთება მოჰყვა ამ ყველაფერს იმიტომ, რომ თითქმის ყველა იცნობს სამხედრო წრეში გია ცერცვაძეს, ყველამ იცის მისი წარსული და ყველა დარწმუნებულია, რომ ეს დიდი სისულელე, რომელიც დაიწყო 15-ში, სულ მალე დასრულდება გიას და მისი მეგობრების გამარჯვებით. დღეს მოვლენ სამხედროები აზოვიდან, სადესანტო დანაყოფებიდან, ვოლონტიორები, მოვლენ უბრალო მოქალაქეები, რომლებიც ყოველ დღე რეკავენ და მხარდაჭერას გვიცხადებენ,“ - განაცხადა მირიან გოჩაძემ.
ავტორი: ნოდარ მელაძე