მიწების გასხვისების პროცედურა უცხოელებზე შესაძლოა გამკაცრდეს. ამ ინიციატივის განხილვა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო კომისიამ. არასაპარლამენტო ოპოზიცია უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზე რეგულაციების გამკაცრების მომხრეა.
სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე, ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გასხვისება საპარლამენტო უმრავლესობისთვისაც საფრთხის შემცველია. უკვე გადაწყვეტილია, რომ ქვეყნის უზენაეს კანონში რეგულაციის ახალი მუხლი გაჩნდება, თუმცა ფორმულირებაზე მსჯელობა მომდევნო სხდომაზე გაგრძელდება.
კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვას საპარლამენტო უმცირესობა და ნაციონალური მოძრაობაც ეწინააღმდეგება. ოპოზიცია ხელისუფლებას ინვესტორებზე მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებს. უმცირესობა არ გამორიცხავს, რომ კონსტიტუციაში ახალი რეგულაციის გაჩენა საკუთრების უფლებას შეზღუდავს და ეკონომიკურ კრიზისს გააღრმავებს.
საზღვრისპირა რეგიონებში მიწების გასხვისებაზე რეგულაციების დაწესების მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. დიდი ნაწილი კი კონსტიტუციაში მსგავსი რეგულაციის ჩაწერაზე თავს იკავებს.
საკონსტიტუციო კომისიაში რამდენიმე თემატური ჯგუფი მუშაობს. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ჯგუფებმა მართის ბოლომდე უნდა დაასრულონ. კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტს საკონსტიტუციო კომისია კანონმდებლებს აპრილის ბოლოს წარუდგენს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.