გალის რაიონის სოფლები შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე აღმოჩნდეს. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრების ჩასაკეტად ემზადება. ხურჩა - ნაბაკევისა და ორსანტია - ოტობაიას გასასვლელების ჩაკეტვა საოკუპაციო რეჟიმმა ერთი კვირით გადადო. დეფაქტო ხელისუფლება მობილური ჯგუფების შექმნას აპირებს, იმისთვის, რომ გალის რაიონის სოფლებში მიმოსვლა კიდევ უფრო გაამკაცროს და სანქციებიც გაზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ კი აქამდე მოქმედი 2 გამშვები პუნქტი დალუქული იქნება, ზუგდიდში ჩასასვლელად გალის რაიონის სოფლების მოსახლეობას 25-დან 35 კილომეტრამდე მეტის გავლა მოუწევს.
პრობლემებს ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ისიც შეუქმნის, თუკი ენგურის ხიდზე რუსი ჯარისკაცები საბაჟო-გამშვებ პუნქტსაც აამოქმედებენ. ამ შემთხვევაში ზუგდიდში პროდუქტებზე ჩამოსულებს საკვების განბაჟებაც მოუწევთ. გადაადგილების შეზღუდვა განსაკუთრებით მძიმე ბავშვებისთვის იქნება, რომლებსაც სკოლამდე მისაღწევად გზა ათობით კილომეტრით უგრძელდებათ.
ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. გალის რაიონის სოფლებთან დამაკავშირებელი პუნქტების ჩაკეტვის შესახებ დღეს ქეთევან ციხელაშვილმა კონსულტაციების აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან გამართა.
სოფელ ნაბაკევის მოსახლეობამ ენგურის ხიდთან გუშინ საპროტესტო აქციები გამართა. ვითარების ადგილზე სანახავად ზუგდიდში ამერიკის ელჩიც ჩავიდა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ავტორი: დავით კაკულია.