დიდთოვლობა და უამინდობით გამოწვეული პრობლემები საქართველოში - მოყინული გზებისა და ტროტუარების გამო სხვადასხვა ტრავმებით გორის საავადმყოფოებში დაშავებულთა მიმართვიანობა მაღალია.
დიდთოვლობის გამო ოზურგეთის ჩოხატაურის ავტომაგისტრალზე ნასაკირალის უღელტეხილზე რამდენიმე საათით მსუბუქი ავტომობილები და მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ადგილზე ამ დრომდე თოვს და სპეციალური სამსახური მუშაობს.
დაზიანებული ელექტროგადამცემების გამო, ამ დრომდე ოზურგეთის წყლის მომარაგების სამსახურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამ მიზეზით, ადგილობრივებს წყლით მომარაგება შეუწყდათ. დიდთოვლობის გამო, ელექტროგადამცემები დაზიანდა ქობულეთშიც, სადაც ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც.
თოვლის საფარისა და ავარიული სიტუაციების მაღალი ალბათობის გამო სპეციალური შეზღუდვაა დაწესებული გომბორის უღელტეხილზე.
ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა გურჯაანში და მაღალმთიანი სტატუსის მატარებელ სოფლებში.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური რეჟიმით მიმდინარეობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.