ბორჯომ-ბაკურიანის ორად გახლეჩილ ეპარქიაში მრევლის ერთი ნაწილი მიტროპოლიტ სერაფიმეს დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი მღვდელმსახურს საშინელ დანაშაულში სდებს ბრალს: პედოფილია, გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანი გოგონას მიმართ.
სერაფიმე ჯოჯუამ საეპარქიო თანამდებობა პირველი ჭორის გაჩენისთანავე დატოვა. მრევლისთვის არაფერი აუხსნია. ჭორად დღეს უკვე ყველას გაუგია ერთი, ან რამდენიმე ვერსია, რომელ გოგონას რა მესიჯი მიუვიდა სერაფიმე ჯოჯუას ტელეფონიდან და ვისთან რა ურთიერთობა ჰქონდა.
პოსტკრიპტუმმა მოიპოვა წერილი, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით დაზარალებული გოგონას დედამ სინოდის წევრებს დაუგზავნა და საპატრიარქოში საკუთარი ხელით მიიტანა. წერილში დედა წმინდა სინოდს ფაქტის გამოძიებს სთხოვს და ამბობს, რომ ეშინია მისი 15 წლის შვილმა ამხელა სტრესის ფონზე თვითმკვლელობა არ სცადოს.
„ჩემი მიზანი არ არის მეუფის კანონდასჯადი ქმედებისათვის სამართლებრივად მასზე სასჯელის დაკისრება. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოიკვლიოთ სიმართლე და ეს ადამიანი ჩამოაშოროთ მაღალ იერარქიას. სხვა ეპარქიაში მისი გადაყვანა ნიშნავს მის გამართლებას და ხელის დაფარებას. ასევე ხელს შეუწყობს კიდევ არაერთი მოზარდის ფსიქიკის გაწირვას, რადგან ეს შემთხვევა პირველი არ არის,“ - წერს მშობელი.
სერაფიმე ჯოჯუას გადადგომიდან 9 თვის შემდეგ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიტროპოლიტი ავსტრია-გერმანიის ეპარქიის მმართველად გაამწესა, მაგრამ ეპარქიის სამივე სამღვდელო პირმა გამოაქვეყნა ღია საპროტესტო წერილი, რითაც აქამდე გაუგონარი დაუმორჩილებლობა გამოავლინა.
„ვაცხადებთ, რომ არსებული ბრალდებების გამო, მიტროპოლიტ სერაფიმეს დანიშვნა ჩვენს ეპარქიაში აბსოლუტურად მიუღებელია სამღვდელოებისა და მრევლისთვის,“- ნათქვამია წერილში.
სერაფიმე ჯოჯუა ისევ უთქმელად, მხოლოდ ერთი წერილით მეორედ გადადგა.
შიდასაეკლესიო დაპირისპირებისათან ერთად, სერაფიმე ჯოჯუას მომხრეები ამ სკანდალში პოლიტიკურ კვალს ხედავენ.
ზოგიერთი სასულიერო პირისა და მონასტრის წინააღმდეგობის მიუხედავად, სერაფიმე ჯოჯუას ბორჯომსა და ბაკურიანში ბევრი მომხრე ჰყავს. მრავალათასიანი მრევლი სამებისკენ მსვლელობას აპირებს. ამ საქმეზე ჯერჯერობით დუმს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ავტორი: თენგო გოგოტიშვილი.