ფატალური შედეგით დასრულებული უბედური შემთხვევა - მთის კურორტზე დასვენების დროს მიღებული ტრავმა ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დაშავებული სამედიცინო პუნქტში დროულად გადაიყვანეს, თუმცა ექიმებს პაციენტების დასახმარებლად სათანადო აღჭურვილობა არ გააჩნიათ, პუნქტში არ არის არც რენტგენი.
უგზოობა მხოლოდ ერთი რგოლია საბედისწერო მოვლენების იმ გრძელი ჯაჭვისა, რომელიც 2017 წლის პირველივე დღეს, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე განვითარდა.
გზა, რომელიც ზაფხულში ორმხრივია, ზამთარში არასათანადოდ იწმინდება და ცალმხრივადაა ქცეული, შესაბამისად, ნებისმიერი შემხვედრი მანქანა წინაღობაა.
გოდერძისგან განსხვავებით, ჰაწვალსა და თეთნულდზე სამანქანო გზა გაწმენდილა. მოწესრიგებულია ორივე კურორტის სათხილამურო ტრასებიც. სათანადოდ აღჭურვილი მაშველები კი ტრასის სხვადასხვა პერიმეტრს მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებენ.
მაგრამ, თუკი ვინმე თეთნულდზე დაშავდა, დახმარებას საველე პირობებში გაუწევენ, რადგან კურორტზე სამედიცინო ოთახი არ არსებობს.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამედიცინო დახმარების ბრიგადებს გუდაურში 223-მა, ბაკურიანში 71-მა, ხოლო გოდერძიზე 37-მა ადამიანმა მიმართა. თეთნულდზე ექიმების დახმარება მხოლოდ 4 ადამიანს დასჭირდა, ჰაწვალზე კი წელს სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.