06 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
სავალალო მდგომარეობაში მყოფი ისტორიული ძეგლები და "აფხაზთა სამეფოს მუზეუმის" შექმნის იდეა

აფხაზეთის ტერიტორიაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფი ისტორიული ძეგლები - აფხაზეთში ინტენსიურად გრძელდება ისტორიის გაყალბება და წარსულის კვალის განადგურება. პირველ რიგში ეს ქართულ ქრისტიანულ ძეგლებს ეხება.

შედეგად, ზოგი ძეგლი საერთოდ ქრება, ზოგი კი იმდენად სახიჩრდება, რომ რეალურ ისტორიასთან ყველანაირ კავშირს კარგავს.

ბედიის მონასტერში მეათე საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, საგანმანათლებლო და საეკლესიო კერა მძიმედაა დაზიანებული.

სარესტავრაციო სამუშაოები ბედიაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის პატრიარქის ბესარიონ აპლიას ბრძანებით რუსულმა კომპანიამ ჩაატარა, ქართული კვალი ბედიაში სწორედ რუსულმა არალეგალურმა რესტავრაციამ შეიწირა.  

მეათე საუკუნის ბიჭვინთის საეპისკოპოსო ტაძარის გუმბათზე ჯერ ისევ არის მაცხოვრის ულამაზესი გამოსახულება, მაგრამ ისტორიული კვალი მთელს ტაძარში განადგურებულია. ქართული წარწერები და ფრესკები წაშლილია ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაშიც.

საქართველოს ისტორიულ მიწაზე, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში გაჩნდა ასეთი იდეა - შეიქმნას აფხაზთა სამეფოს მუზეუმი. ამ ფანტაზიის ხორცშესხმა და ექსპონატების შეგროვება უკვე დაიწყო.

აფხაზთა სამეფოს მუზეუმი, რომლისთვისაც ალხაზ არგუნი კოლექციას აგროვებს, 437 წლის ქრისტიანული ქვებითა და ქართული ხუთჯვრიანი ბარელიეფებით შეივსება, უცნობია კიდევ რა ექსპონატები იქნება წარმოდგენილი მუზეუმში, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული კულტურული ძეგლების გარეშე აფხაზური არ არსებობს.

ავტორი: თეა ადეიშვილი. 

დღის ამბები