06 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
თბილისის მერის განცადება სამარცხვინოა - ირაკლი აბესაძე "ბავშვთა სამყაროსთან" იმყოფება

ათეულობით დაზარელებული ადამიანი და მთლიანად დამწვარი ბავშვთა სამყარო - შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.

დამწვარი შენობის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. შენობის სხვა ნაწილის ჩამოშლის საფრთხე კვლავაც არსებობს. შემთხვევის ადგილზე იმყოფება საპარლამენტო უმცირესობის მდივანი ირაკლი აბესაძე, რომელიც ხელისუფლებას დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდებს.

აბესაძე თბილისის მერის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც დავით ნარმანიამ მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა ბაზრის ადმინისტრაციას დააკისრა.

აბესაძე ნარმანიას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ ადამიანებს პირველადი პრობლემები სწრაფად გადაუწყდეს. ეს არის მინიმალური კომპენსაცია, ალტერნატიული სავაჭრო ფართის სწრაფად მოძიება, ბანკებთან ურთიერთობაში დახმარება და ის პოზიცია, რაც თბილისის მერმა დააფიქსირა, რომ ეს ადმინისტრაციის და კერძო დავაა, არის ძალიან სამარცხვინო. ამ ხელისუფლების ინსტიქტად იქცა ამ ადამიანების პრობლემებისგან განრიდება, გვერდზე გადგომა და გარედან ყურება,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ბავშვთა სამყაროსთან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც მივიდა. გიორგი ალიბეგაშვილი დაზარალებულებს შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მათ დახმარებას შეძლებს.  

„როგორც მითხრეს 03:11 საათზე დაიწყო, სამწუხაროდ გვიან მოხდა ამის შეტყობინება, იმიტომ, რომ უცაბედად გაირკვა, რომ მთლიანად იყო მოდებული. შენობა არის მთლიანად დეფორმირებული. მეხანძრეები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია ბოლომდე შეძლონ. სამწუხაროდ, შიგნით შესვლა არ ხერხდება, იმიტომ, რომ სინკარები არის დეფორმირებული და ნებისმიერ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს და ტრაგედია დატრიალდეს. როგორც ჩანს, ამას სხვანაირი დამუშავება დასჭირდება. როგორც ჩანს, დანგრევა უნდა. იმედია ისინი ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას იგრძნობენ,“-განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შენობაში ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამაშველო ბრიგადებმა 8 საათის შემდეგ შეძლეს, თუმცა მეხანძრეები ამ წუთებში ცალკელული კერების ჩაქრობას ცდილობენ. 

დაზარალებულების განცხადებით, მათ ოქროს ნივთები სეიფებში ჰქონდათ შენახული. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ნივთების უმეტესობა ხანძარს გადაურჩა. 

გადარჩენილი ნივთების გამოტანას ცდილობენ, ე.წ. საბითუმო ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებიც. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები