ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან დაზარალებულები, რომლებიც პასუხს მთავრობისგან ითხოვენ.
მცირე დაპირისპირება მოხდა მერიის წარმომადგენლებსა და მოვაჭრეებს შორის.
დაზარალებულები ხელისუფლებისგან შენობის დაცვას მოითხოვენ. მათი განცხადებით, ოქროს ნივთების დიდი ნაწილი სეიფებშია მოთავსებული, შესაბამისად, საჭიროა სამართალდამცავების მეთვალყურეობა, რათა გადარჩენილი ნივთების დაკარგვა არ მოხდეს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის ვიცე მერი. ლაშა აბაშიძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა შენობის მესაკუთრეებსა და დაზარალებულებთან შეხვედრას გამართავს, რათა ვითარების მაქსიმალური შემსუბუქება მოხდეს.
„მთავარია მოხდეს მიმართულებების მიცემა, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მესაკუთრეებთან და გვექნება შეხვედრა მესაკუთრეებთანაც. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სწორი კომუნიკაცია დავამყაროთ ამ ადამიანებს და მესაკუთრეებს შორის, რომ ეს იყოს ორგანიზებული და წავიდეთ იქეთ, რომ რამენაირად მაქსიმალურად შევამსუბუქოთ გარემოება,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.