სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს დირექცია ყველა პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, საკუთარ თავზე იღებს. განცხადება ბავშვთა სამყაროს დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა გააკეთა. მაჭავარიანი ამბობს, რომ ის გამოძების შედეგებს ელოდება.
„ბავშვთა სამყაროს დირექცია აბსოლუტურად ყველანაირ თავის პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ველოდებით გამოძიებას, რასაც იტყვის გამოძიება, იმიტომ, რომ ასეთი ხანძარი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო და არანაირი პასუხი არ მაქვს დღევანდელ დღეს. გამოძიებას დაველოდებით, ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე ავიღებთ,“ - განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.
სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს შენობა, ადმინისტრაციას სადაზღვევო კომპანია ალდაგში 6 მილიონ ლარად აქვს დაზღვეული, თუმცა დაზღვეული არ არის ინვენტარი, რომელიც შენობაში ინახებოდა.
სავაჭრო ცენტრში განთავსებულია, როგორც ავეჯის, ასევე ტანსაცმლის მაღაზიები. შენობის უმეტეს ნაწილზე კი განთავსებული იყო ოქროს ნივთების მაღაზიები. კომპანია ალდაგში კი განმარტავენ, რომ ზარალის ოდენობა შესაბამისი ექსპერტიზების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
სადაზღვეო კომპანია ზარალს სრულად აანაზღაურებს.