9 საათის განმავლობაში 31-ზე მეტი სახანძრო ბრიგადა დიდუბეში ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. დილიდან დაზარალებულებს, მაშველებთან ერთად ტერიტორიიდან ის ნივთები გააქვთ, რომელიც ხანძარს გადაურჩა. ათობით ადამიანი ამ დრომდე ზარალს ითვლის, ბავშვთა სამყაროს შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა.
ძლიერმა ხანძარმა 13 ათას კვადრატულ მეტრზე მდებარე სავაჭრო ცენტრი გაანადგურა და დაზარალებულია მოვაჭრე. ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი მეხანძრე, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარებს.
შემთხვევის ადგილზე დღეს დილით მივიდა ქალაქის მერი. დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და დაზარალებულებს გაესაუბრა. დავით ნარმანიას განცხადება, სადაც მერი სრულ პასუხისმგებლობას ბაზრობის ადმინისტრაციას აკისრებს, ოპოზიციამ გააკრიტიკა.
სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძართან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი, სალომე ბოკუჩავა, ანი ბუავა