ე.წ. ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული ზარალის ზუსტად და დროულად დადგენის მნიშვნელობაზე საუბრობენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას მომხდარის სწრაფი გამოძიებისა და დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდებს.
ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქმედებები არადამაკმაყოფილებელი იქნება პარლამენტში შინაგან საქმეთა და ეკონომიკური გუნდის მინისტრები დაიბარონ.
„ერთს მხრივ უნდა მოხდეს გამოძიება, მეორეს მხრივ უნდა მოხდეს გარკვეული კომპენსაცია და აუცილებელია, რომ ამ ადამიანების გვერდით დადგეს სახელმწიფო, ამ დროს მიტოვება ადამიანების არის არაადეკვატური ნაბიჯი. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და იმ შემთხვევაში თუ გამოძიება გაიწელება და თუ ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება რა კომპენსაციაზე იქნება საუბარი, მაშინ ჩვენ მოგვიწევს მათი დაბარება,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
ხელისუფლების არაადეკვატურ რეაგირებაზე ამახვილებენ ყურადღებას ნაციონალურ მოძრაობაში.
„პრემიერი ამბობს, რომ შეძლებისდაგვარად დაეხმარება ამ ადამიანებს, დღეიდანვე შეეძლო ხელისუფლებას დალაპარაკებოდა ამ ადამიანებს. მათთვის სწორად აეხსნა რის გაკეთებას აპირებენ. ელაპარაკათ მათ, როგორც მერიის სარეზერვო ფონდზე, საიდანაც პროკურორის ქალიშვილი ფინანსდება, მთავრობის სარეზერვო ფონდზე, საიდანაც მიზნობრივი ტრანსფერი შეიძლებოდა გადასცემოდა მერიას,“- აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი მარინა დათუკიშვილი.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ყველა სტრუქტურა ოპერატიულად მოქმედებს.
„ვალდებულია მერია, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს ამ ადამიანების პრობლემებით დაინტერესება, აღრიცხვის კონტექსტში იქნება თუ სხვა კონტექსტში. ეს ადამიანები საჭიროებენ დახმარებას და ამ ყველაფრის მობილიზება უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.