ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში მოვაჭრეთა ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია. ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს - მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტო გადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.
ამ წუთებში ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა მიმდინარეობს. საცავებში გამომძიებლებთან ერთად ოთხ-ოთხი ადამიანი შედის.
როგორც შენობიდან გამოსვლის შემდეგ მოვაჭრეებმა განაცხადეს, სეიფში შენახული ძვირფასი ნივთები დაზიანებული არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად წიქაშვილის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერჯერობით არ დასრულებულა. მისი თქმით, გარკვეული კერების დაქრობითი სამუშაოები გარედან ხორციელდება.
„რადგანაც ბოლომდე შესვლა არ შეგვიძლია ობიექტზე, აკრძალულია ქალაქის მერიის სპეციალისტების მხრიდან და ასევე სამხარაულის ექსპერტების მიერ დადებული საბუთის შემდეგ, რომ ჩვენ შიგნით ვერ შევალთ, მეხანძრეებს ვერ შევუშვებთ, აქედან გამომდინარე, გარედან გვიწევს მუშაობა. დაქრობით სამუშაოებს ვაწარმოებთ მხოლოდ გარედან. მზადდება ხელსაწყოები, რითაც იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები იმისთვის, რომ დაზარალებულები ეტაპობრივად იყვნენ შეყვანილნი და გადარჩენილი საქონელი იყოს გამოტანილი ობიექტიდან,“ - განაცხადა წიქაშვილმა.
ბავშვთა სამყაროსთან იმყოფება სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროს მეწილე, რომელიც აქციონერებს შეკრებისა და სამქომედო გეგმის დასახვისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრთან შეკრებილი მოვაჭრეები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ საცავებში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდნენ.