06 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ფულადი კომპენსაცია - ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე ტანსაცმლით მოვაჭრეების მოთხოვნას მერია არ დააკმაყოფილებს

ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობის თანამშრომლები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ფულად კომპენსაციას ითხოვენ.

მერიასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დაზარალებულების ერთმა ნაწილმა დედაქალაქის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა მოითხოვა. 200-მდე მოვაჭრეს, რომელთა შემოსავლის წყარო მხოლოდ ტანსაცმლის გაყიდვიდან მიღებული თანხა იყო, საქონელი სრულად გაუნადგურდა.

მუნიციპალიტეტი ტანსაცმლით მოვაჭრეების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ოპოზიცია კი დაზარალებულების დახმარების მიზნით, მერიას სარეზერვო ფონდიდან თანხის დახარჯვას ურჩევს.

დაზარალებულებს უკმაყოფილება არ დაუმალავთ, ისინი პროტესტის გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.

შეთავაზებები, რაც ტანსაცმლით მოვაჭრეებისთვის არახელსაყრელია, თბილისის მერიამ სხვა შესაბამისს უწყებებთან ერთად დაგეგმა. საუბარია დაზარალებულებისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემაზე, რაც შეღავათი მხოლოდ მათთვის იქნება, რომლებსაც ხანძრის შედეგად საქონელი სრულად არ გაუნადგურდათ, ასეთები კი ძვირფასეულობით მოვაჭრეები არიან.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის შუამავლობით კომერციულ ბანკებთან მოლაპარაკებას და დაზარალებულებისთვის არსებული საბანკო კრედიტების გადავადებას ეხება. ფინანსთა სამინისტრო კი დაზიანებული ქონების ჩამოწერას და საგადასახადო დავალიანებებზე შეღავათებს გეგმავს.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

დღის ამბები