საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის სახით საერთაშორისო არენაზე გამოსვლის შანსი მიეცა. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი საქართველომ 4 წლით ადრე მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას კონკრეტული ვადა მისცეს მოსამზადებლად. თუმცა 2 წელი უკვე ისე გავიდა, რომ კონკრეტული არაფერი გაკეთებულა.
ფრანკფურტის საპატიო სტუმრობის პროექტის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს ევალება, სადაც ვადების გამო უკვე ნერვიულობენ.
ამ დროისთვის გვაქვს სლოგანის, კონცეფციისა და ლოგოს მხოლოდ სამუშაო ვერსიები. ცოტა ხნის წინ ფრანკფურტის მთავარი პავილიონის მოწყობაზე კონკურსიც ჩაიშალა. ამ საკითხში პრობლემას კუტურის მინისტრი ვერ ხედავს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას ორი მთავარი მოთამაშე ჰყავს. პირველი - მწერლები. ამ მხრივ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 2018 წელს საქართველო ღირსეულად წარსდგება. თანამედროვე ლიტერატურულ გლობუსზე ქვეყნის სათანადო მარკირებისთვის ბაზრობას მეორე აქტორიც ჰყავს - გამომცემლობები. ბიზნესი, რომელიც სასკოლო სახელმძღავნელოების დასტამბვიდან ჩამოშორების შემდეგ დღემდე გადარჩენისთვის იბრძვის. სახელმწიფოს პოლიტიკა მათ მიმართ არც ფრანკფურტთან დაკავშირებით შეცვლილა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის ყველაზე დიდი სცენა, რომელიც დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველა ქვეყანაში მოწყობილ ყველა კულტურის დღეებზე ერთად გვქონია. წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა საფრანგეთია. ოქტომბერში ესტაფეტას საქართველო სწორედ მათგან გადაიბარებს.
ავტორი: მაია ლომიძე