02 მაისი 2024,   05:05
ვრცლად
ქორეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გამოკითხეს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ომის მონაწილე ზაზა ქვარაია "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ის ქალაქის პროკურატურამ ქორეპისკოპოსი იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხა.

კითხვები სამხედრო მაღალჩინოსანს მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის შესახებ ჯერ სამხედრო პოლიციაში, შემდეგ კი პროკურატურაში დაუსვეს. გამოძიება სამხედრო მოსამსახურით ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, არჩილ გამზარდიას დაკითხვის შემდეგ დაინტერესდა.

სამხედრო მაღალჩინოსანი "კურიერთან" საუბრისას არ უარყოფს, რომ მეუფე იაკობის სანახავად ბოდბისხევში მართლაც იყო ჩასული და მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. სასულიერო პირისთვის იმ პრობლემების მოგვარება უნდა ეთხოვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შეექმნა, რადგან მეუფე იაკობი ერისკაცობაში სამხედრო მოსამსახურე იყო.

მეუფე იაკობთან დაკავშირებული ისტორიის გამო, ზაზა ქვარაია თავდაცვის სამინისტროდან დროებით გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, როგორც ამჟამად თავად ქვარაია გვიყვება, ის სამსახურში უკვე აღადგინეს.

ის, რომ ქვარაიას გამოკითხვა მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ნამდვილად მოხდა ადასტურებენ პროკურატურაშიც. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე გამოიკითხა ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან შესაძლო კავშირი ქონდა, თუმცა მასალების არარსებობის გამო, ძიება არ დაწყებულა. 

დღის ამბები