02 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, პირი, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების სიმულაციით, თვითდაზიანებების მიყენებით ან ყალბი დოკუმენტების მომზადებით სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებას შეეცდება, ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

„ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას ნამდვილად სჭირდებოდა ეს კონკრეტული ინიციატივა,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველის აპარატში კი  ფიქრობენ, რომ კანონპროექტი დაუსაბუთებელია და მთავრობამ რეპრესიული მიდგომა უნდა შეცვალოს.

„რეპრესიული მიდგომის მაგივრად სახელმწიფოს, უმჯობესი იქნებოდა, რომ შეეცვალა ხედვა და სხვა მეთოდებით სამხედრო სამსახური უფრო მიმზიდველი გაეხადა. სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტსაც და საქართველოს მთავრობასაც, რომ გადადგან ქმედითი ნაბიჯები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის არსებული სისტემის ძირეული რეფორმირების მიმართულებით,“ - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ გაბიანმა.

 

დღის ამბები