02 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთო ტექსტის შემუშავებაში, პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთო ტექსტის შემუშავებაში, პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს.

პრეზიდენტი ოპოზიციას სთავაზობს, პარლამენტის მიერ 2 მოსმენით უკვე მიღებულ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა მაინც გააგრძელონ და ხელისუფლებას ტექსტის საკუთარი, მეტ-ნაკლებად მისაღები რედაქცია წარუდგინონ. თუმცა, ოპოზიციის უმრავლესობას იმედი არ აქვს, რომ მმართველი ძალა მათ წინადადებას გაითვალისწინებს.

„ქართული ოცნება" როგორც ჩანს, ჯიუტად, მაინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ერთპარტიულად მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც მხოლოდ მას აწყობს. თუმცა, ეს დაუჯდება მას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელიც ალტერნატივის სახით შეთავაზებული იქნება პრეზიდენტის მიერ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, კონსესუსით არ არის დაინტერესებული. მისვე განცხადებით, პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის გაკეთებულ შეთავაზებაში მონაწილეობას მიიღებს.

„ხელისუფლება არ არის დაინტერესებული იმაში, რომ საერთაშორისო ზიანი არ მიგვადგეს და არ ვატყუებდეთ უბრალოდ ვენეციის კომისიას. ხელისუფლება უტიფრად, შემდეგ კვირაში მიიღებს ამ პარტიაზე მორგებულ კონსტიტუციას,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის გააქტიურება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო ასპარეზზე.

განცხადება გააკეთა  პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ შანსს მისცემს ოპოზიცია, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე არ მოირგოს.

„კარგი იქნება, თუ ამ დოკუმენტს სამოქალაქო სექტორიც მოაწერს ხელს, კარგი იქნება, თუ ამას გავაცნობთ საერთაშორისო საზოგადოებას. და თუ ქართული ოცნება“ ამის შემდეგ მაინც გადაწყვეტს, რომ როგორც მას უნდა მხოლოდ ისე უნდა იყოს,  მაშინ ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო აქტიურ ქმედებებზე,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია კი დარწმუნებულია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა, ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს მაინც არ მიიღებს. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით იმ დოკუმენტს მიიღებს, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიიღო.

„ეს იქნება ჩვენება იმისა, რომ თუ როგორ დგას ყველა ერთ პოზიციაზე და „ქართული ოცნება“ მეორე პოზიციაზე,“ - აღნიშნავს დავითაია.

დღის ამბები