29 დეკემბერი 2024,   00:06
ვრცლად
ნინო გვენეტაძის თქმით, ის კოლეგების მხრიდან ძალადობის მსხვერპლია

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაასრულა. როგორც ნინო გვენეტაძემ განაცხადა, ის კოლეგების მხრიდან "ძალადობის მსხვერპლია" და მასზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მისი კოლეგების პრეტენზიებზე პასუხს ის წერილობით გასცემს, რადგან ამ სხდომაზე აღარ შერჩა რესურსი სიტყვიერი განმარტებები აკეთოს.

მან სხდომის მსვლელობისას რამდენჯერმე მიმართა კოლეგებს და მოუწოდა გაჩუმებულიყვნენ.

„მე აღარ შემიძლია ამ რეჟიმში მუშაობა. გაჩუმდი, პასუხი უნდა ვთქვა, გაჩუმდი. მე ამ პირობებში ვერ ვიმუშავებ. თქვენ გინდათ პასუხად და მთელი სხდომა მაძალებდით და იძულებას ახორციელებდით ჩემზე, რომ ან კი გვითხარი, ან არა. ასეთი კი და არა ამ კითხვებზე არ არსებობს. მე არაფერს არ ვერიდები, მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე. ახლა რადგან ამ ფორმატში მუშაობა არის აბსოლუტურად შეუძლებელი მეც და თქვენც-ეს არ არის შეურაცხყოფა, აბსოლუტურად არაადექვატურები ვართ, ამ დღეს რომელსაც ჰქვია იძულების, შანტაჟის, მე ყველა პასუხს ჩავწერ და ყველა პასუხს წერილობით მოგართმევთ,“-განაცხადა სხდომის დასრულებამდე ნინო გვენეტაძემ.

სხდომის დასრულების შემდეგ ნინო გვენეტაძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა კი საბჭოს მოსამართლე წევრები საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ გავლენებსი სფეროების მოპოვებას. 

„მოსამართლე წევრები ეწევიან საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინაშე. მე დღესაც გავიმეორებ, რომ ეს საბოტაჟი გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინაშე და ამ საბოტაჟის  შედეგი არის ის , რომ დღეს მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი აღარ არის მოქალაქეებისთვის. ეს არის შედეგი იმ ქცევების რაც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და ეს ქვეყანა არ არის მარტო მოსამართლე წევრების და ნამდვილად ვერ მივცემთ საბოტაჟის უფლებას,“-განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ვახტანგ მჭედლიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს სხდომა დღეს დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. იუსტიციის საბჭოს წევრებმა გვენეტაძეს მიმართეს, რომ ნუ მოიქცევა ისე, თითქოს საბჭოს წევრები ვეზირები თავად კი მეფე იყოს.

საბჭოს წევრებმა თავმჯდომარისგან დაუყოვნებლივ ახსნა-განმარტება მოითხოვეს 34 მოსამართლის უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. სხდომაზე გაირკვა, რომ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს ბრძანებისთვის ხელი ამ დრომდე არ მოუწერია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები