26 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
„ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი“- საპარლამენტო უმრავლესობა რუსი დიპლომატის გაძევებას ეხმაურება

საქართველო რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვებისთვის 7 დღეს აძლევს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების შემდეგ, სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმას საქართველო ერთი რუსი დიპლომატის გაძევებით უპასუხებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნებისადმი სოლიდარობა გამოხატოს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა. ამ შემთხვევაში ეს არის მხარდაჭერა კონკრეტულად ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯის მიმართ, საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომლის გაშვება არის ამ მხარდაჭერის დადასტურება“- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა. ბესელია ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შედეგის გარეშე არ რჩება.

„ასეთი სახის, ალბათ უფრო, პერსონალური გადაწყვეტილებები, რაც საერთო პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა, გადაწყვეტილების მიღება, არის საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან გამოყენებული სანქციების და გადაწყვეტილებების ამ პოლიტიკურ სივრცეში ჩართვა და მე ვფიქრობ ეს არის მნიშვნელოვანი. ალბათ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი შედეგი და როგორც წესი არ რჩება ხოლმე ეს შედეგის გარეშე“ - აცხადებს ეკა ბესელია.

დღის ამბები