08 მაისი 2024,   03:09
ვრცლად
14 ამერიკელი სენატორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.

ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ.

ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას.

"ამერიკის ხმის" მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიციირებული კანონი ამოქმედდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, "იძულებული" გახდნენ, გამოეხატათ "უღრმესი შეშფოთება" საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ.

"ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილში.

პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა.

ევროკავშირის არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, სენატორები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტის სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედიაა, რომლებიც "ქართული დემოკრატიის სასიცოცხლო არტერიაა". ამასთან, კანონპროექტი შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის წინააღმდეგაა მიმართული, საქართველოს იმ პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდასაჭერად 1991 წლის შემდეგ.

"ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება",- აცხადებენ სენატორები.

სენატორები უარყოფენ "ქართული ოცნების" ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული "ფარას" მსგავსია.

"ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს".

წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ "ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა".

მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული“.

წერილში ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მისი მოქალაქეების უდიდესი ნაწილის სურვილი, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დაწინაურდეს, რადგან ამ კანონის მიღება, როგორც ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივაზე. ეს კი მთავრობის მიერ საკუთარი კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება.

სენატორები ასევე აცნობიერებენ საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეებს და ამბობენ, რომ ამერიკა როგორც წარსულში, ისე მომავალშიც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის უფლებას, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და თავი გაითავისუფლოს რუსეთისგან, რომელიც საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფართომასშტაბიანი მავნე გავლენა აქვს საზოგადოებაზე ოქტომბერში დადგეგმილი, მომავალი არჩევნების წინ.

წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი.

დღის ამბები