27 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
13 წლის მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულთან სახაზინო ადვოკატმა კომუნიკაცია ვერ შეძლო

დაკავებული, რომელსაც ბრალად ლიფტში 13 წლის მოზარდზე თავდასხმა ედება, დღეს პირველად მოინახულა მისი ინტერესების დამცველმა. თუმცა, ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია ვერ შეძლო.

„მოცემულ საქმეზე, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა. რაც იყო ამ ეტაპზე გადავხედე, მაგრამ, ხვალ, ბრალის შემდეგ, ბრალდების მხარე გადმომცემს მთლიან მასალას, რაც პირველი წარდგენის დროს უნდა წარადგინოს სასამართლოში,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მდინარაძის შეფასებით, დაკავებული 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე არაადეკვატურია და მას, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

თავდასხმის ობიექტი არასრულწლოვანი კი მკურნალობას კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს. მასთან მუშაობას ბავშვთა ფსიქოლოგებიც დაიწყებენ.

13 წლის ბიჭს ლიფტში 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე თავს დაესხა და მოზარდისთვის თვალების ამოთხრას შეეცადა. თავდამსხმელი, რომლის მოტივები უცნობია, უკვე დაკავებულია.

სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები