27 აპრილი 2024,   02:43
ვრცლად
უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან ქვეყანა მოთხარეს... საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე - სააკაშვილი 

ევროპაში ახალი ტენდენციებია და ცვლილებების დრო საქართველოშიც დადგა - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას განაცხადა.

ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები საქართველოში სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებიდან უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, საქართველოში ეროვნული მთავრობა უნდა მოვიდეს.

„ჩვენ ვემზადებით დიდი ცვლილებებისთვის საქართველოში. ხედავთ, როგორი სიტუაციაა, როგორ კარგავს საქართველო დროს. გუშინ უნგრეთში ისევ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ჩემმა პირადმა მეგობარმა და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ორბანმა.

პოლონეთს მართავენ ჩვენი პარტნიორები, რომლებთანაც გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს ამერიკაში ზის ტრამპი, რომელიც იყო ნამყოფი საქართველოში, ახორციელებდა პროექტს, რომელიც გააჩერა ივანიშვილმა და ტრამპს ეძახა აფერისტი.
ჩვენ გვყავს მთავრობაში ოლიგარქი, რომელიც მიუღებელია ყველა იმ ხალხისთვის, ვინც ახლა რაღაცას წყვეტს და ქმნის ახალ ტრენდს ევროპაში.

ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, საქართველო იცლება, საქართველო ნადგურდება, საქართველოში მალე აღარ დარჩება ხალხი, საქართველოს აღარ ექნება მომავალი. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც გააკეთეს უნგრელებმა, ზუსტად ისე,როგორც გააკეთეს პოლონელებმა, ეს ტიპაჟები ვინც ანადგურებს უნდა გაიწიოს საქართველოდან და მოვიდეს ეროვნული მთავრობა, რომელიც დაამთავრებს ანტიქართულ , ანტიქრისტიანულ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას რუსეთიდან მოვლენილი ბოროტების, ივანიშვილის სახით.

ამ მხრივ რა თქმა უნდა ევროპარლამენტში გვყავს ბევრი პარტნიორი. ჩვენც ვამზადებთ ამათ იმისთვის, რომ საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლილება და საქართველო დაბრუნდება ევროპის რუკაზე.

ალტერნატივა არ გვაქვს. თვალსა და ხელს შუა გვეცლება ქვეყანა... საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ხეებს კი არ თხრიან ქვეყანა მოთხარეს...ქვეყანას აღარ ჰყავს არამხოლოდ პატრონი, ქვეყანას მომავალი აღარ აქვს...ამიტომ ამ სიტუაციაში ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს საქართველო“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილს შეხვედრები ევროპელ დეპუტატებთან 2 დღის განმავლობაში ექნება. მოლაპარაკებები გაიმართება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტთან. სააკაშვილი ასევე დაესწრება "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკური ოჯახის ასამბლეასაც.

დღის ამბები