26 აპრილი 2024,   23:33
ვრცლად
სახელმწიფოს არა აქვს თანმიმდევრული ანტიდისკრიმინაციული და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკა - TDI-ის დირექტორი

„შეიძლება ითქვას, რომ დღეს სახელმწიფოს არ აქვს თანმიმდევრული ანტიდისკრიმინაციული და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკა,“ - ასე აფასებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, ეკა ჭითანავა, სახელმწიფო პოლიტიკას რასიზმთან ბრძოლაში.

„სახელმწიფოს რეაგირება ასეთ ქმედებებზე არ არის ადეკვატური, ეფექტიანი და დროული,“ - აცხადებს ჭითანავა.

ეკა ჭითანავა სამართალდამცავების მხრიდან გამოხატულ გულგრილობაზე საუბრობს, როდესაც ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს აფასებს. მისი თქმით, სამართალდამცავები დაკითხვის ოქმებში ცდილობდნენ, მიეჩქმალათ ისეთი ფრაზები, რომლებიც დაპირისპირების რასობრივ მოტივს ხაზს უსვამს.

ეკა ჭითანავას თქმით, მის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სტუდენტები უყვებიან, თუ როგორ ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები.

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში, უნივერსიტეტებში ლექტორები ხშირად იყენებენ ძალიან რასისტულ განცხადებებს და ჩვენ ვიდეოც ჩავწერეთ, სადაც სტუდენტი საუბრობს თავის გამოცდილებაზე, როგორ ეპყრობოდნენ ლექტორები. ამბობდნენ, რომ ეუბნებიან, თქვენ ხართ მაიმუნები და რომ უნდა დატოვოთ საქართველო,“ - აცხადებს ეკა ჭითანავა.

ეკა ჭითანავას თქმით, უცხოელ სტუდენტებს ხშირად უარს ეუბნებიან ბინადრობის ნებართვებზე. მისი განმარტებით, ამის საფუძველს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასკვნა იძლევა, სადაც მითითებულია, რომ ისინი სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

დღის ამბები