18 ოქტომბერი 2018,   10:12
ვრცლად
აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ოპერაციის მიზანს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილება წარმოადგენს

სირიაში ქიმიური შეტევის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის სამთავრობო პოზიციები ზღვიდან და ჰაერიდან დაბომბეს. 50 წუთის განმავლობაში ასადის რეჟიმის ქიმიურ ობიექტების მიმართულებით 100-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს.

მოკავშირეების კოორდინირებული ოპერაციის დაწყების ბრძანება დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვის დროს გასცა.

სარაკეტო იერიშის სამიზნე სირიის ქიმიური იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული სამი კონკრეტული ობიექტი გახდა. დამასკოს მახლობლად მდებარე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია 76 რაკეტით, მათ შორის 57 ტომაჰავკით გაანადგურეს. პენტაგონის მტკიცებით, წარმატებული იყო იერიშები ჰომსის რაიონში მდებარე ქიმიური იარაღის ორ საწყობსა და სამეთაურო პუნქტზეც.

სირიის წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში 4 ბრიტანული გამანადგურებელი მონაწილეობდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი, გადაწყვეტილებას "სწორს და კანონიერს" უწოდებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო გაერთიანება ქიმიური იარაღის გამოყენებას აღარ შეეგუება.

სარაკეტო იერიშებში ფრანგული სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების ჩართულობას ადასტურებს ოფიციალური პარიზიც.

ქვეყნის საგარეო უწყებამ დღეს აღმოსავლეთ გუთაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევასთან დაკავშირებით დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული საიდუმლო ანგარიში გამოაქვეყნა.

თავად ასადის რეჟიმი კი დასავლეთს სირიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. სირიის არმია ირწმუნება, რომ შეტევის დროს გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჰაერშივე გაანადგურეს.

ოფიციალური დამასკოს პოზიციას იზიარებს მოსკოვიც.

ვლადიმერ პუტინის შეფასებით, შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის კოორდინირებული ოპერაცია იყო აგრესიის აქტი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

კრემლისგან განსხვავებით, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს ემხრობა საერთაშორისო გაერთიანება. ევროკავშირისა და ნატო-ს ხელმძღვანელებთან ერთად, მხარდამჭერი განცხადებები წევრი ქვეყნების ლიდერებმაც გააკეთეს.

ოპერაციის ერთადერთი მიზანი მომავალში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების თავიდან აცილებაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები